პოეტისა და ჟურნალისტის სანდრო უსტიაშვილის პოეზიის საღამო

  18 მარტს, 16:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსის საკონფერენციო დარბაზში პოეტისა და ჟურნალისტის, სანდრო უსტიაშვილის პოეზიის საღამო გაიმართება. როგორც “კვირას“ სანდრო უსტიაშვილმა განუცხადა:
– ეს ჩემი მეორე პერსონალური საღამოა. ღონისძიების ორგანიზატორია „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი“ და მასში მონაწილეობს „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზთან“ არსებული ახალგაზრდული ფოლკლორული ანსამბლი. საღამოს წამყვანი იქნება ახალგაზრდა ჟურნალისტი მარიამ მჭედლიძე, ლექსების წაკითხვის საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება, დასწრება თავისუფალია და მოხარული ვიქნები, თუკი ბევრი სტუმარი მეწვევა.
სანდრო უსტიაშვილი ლექსებს 10 წლის ასაკიდან წერს. მისი ლექსები, სხვადასხვა პერიოდში, გამოქვეყნებულია გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“, ჟურნალ „ცისკარსა“ და სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში. იგი ასევე არის 500-ზე მეტი პუბლიკაციის, ნარკვევის, რეცენზიისა და მოთხრობის ავტორი. მიაჩნია, რომ ამა თუ იმ ჟანრში მუშაობა მისთვის არა თვითმიზანი, არამედ სათქმელის გადმოცემის, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე, ამ პრობლემათა დაძლევის გზებზე საუბრის საშუალებაა. სანდრო უსტიაშვილი იყო 1997-1999 წლებში შექმნილი პოეტური გაერთიანება “დიაოხის“ ერთ-ერთი ინიციატორი და უშუალო მონაწილე, ხოლო 2002-2003 წლებში – მწერალთა და ჟურნალისტთა გაერთიანება “საფიხვნოსი“. ამ გაერთიანებების მიზანი იყო არა მარტო ნიჭიერი ადამიანებისა და მათი შემოქმედების წარმოჩენა, არამედ კულტურულ და იდეოლოგიის სფეროებში არსებულ პრობლემებზე რეაგირება და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები