ზარდიაშვილი თეა წულუკიანს ტყუილში ამხელს

 ასოციაცია “ყველა თაობა საქართველოსათვის“ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ყოფილი პოლიტპატიმრების მიმართ ტყუილში ადანაშაულებს. როგორც ასოციაციის წარმომადგენელმა დავით ზარდიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თეა წულუკიანს პასუხი მოეთხოვება იმ შეუსრულებელ დაპირებებზე, რაც პირველ ოქტომბრამდე გასცა. იუსტიციის მინისტრს ასოციაცია ასევე მართლმსაჯულების და პროკურატურის ჩავარდნილ რეფორმას ახსენებს. რომელიც ზარდიაშვილის განცხადებით, თეა წულუკიანის გულგრილობის დამსახურებაა.
“ჩვენ მოვითხოვთ ყოფილი პოლიტპატიმრების უფლებების აღდგენას, დაუყონებლივ უნდა მოხდეს ყველა სამართლებრივი მექანიზმით პოლიტპატიმრების რეაბილიტაცია, საქართველოს მოქალაქეებისათვის სააკაშვილის ბანდის მიერ უკანონოდ წართმეული და ნაძარცვი ქონების დაბრუნება. თეა წულუკიანს პოლიტპატიმრების პრობლემებზე დღემდე არ აქვს პასუხი, იმის მიუხედავად, რომ პოლიტპატიმართა დიდი ნაწილი დღემდე შიმშლობს და ამ გზით ცდილობენ წულუკიანს გაცემული დაპირებები შეახსენონ. წულუკიანის მიმართ დიდი მოლოდინი არსებობდა, თუმცა მისი გამინისტრების მერე საზოგადოებამ დიდი ვერფერი მიიღო“, – განაცხადა დავით ზარდიაშვილმა.
10175926_738989472812566_617034391_oამასთან, დავით ზარდიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ მიღებულ კანონს იწუნებს და აცხადებს,რომ წულუკიანმა მწვანე შუქი აუნთო ისეთი ორგანული კანონის მიღებას, რომელიც სავსეა კურიოზული სამართლებრივი ნორმებით.
“თეა წულუკიანმა მწვანე შუქი აუნთო ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ისეთი ორგანული კანონის მიღებას, რომელიც სავსეა კურიოზული სამართლებრივი ნორმებით. ეს ყველაფერი მისი მხრიდან საკუთარი მოვალეობის მიმართ არასათანადო და უპრინციპო დამოკიდებულებაზე მეტყველებს. სავალალოა, როცა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე -11 მუხლში შეტანილი ცვლილებებით მაღალი რანგის მუნიციპალური მოხელეების მიმართ აღარ ვრცელდება მათი სამსახურის მიღება-გათავისუფლების ანგარიშვალდებულებისა და საქმიანობის შეფასების კანონით დადგენილი წესები. ეს მოხელეები არა კანონისა და ხალხის, არამედ მხოლოდ მათი პოლიტიკური პატრონისა – მერისა და გამგებლის წინაშე ხდებიან ანგარიშვალდებული“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.
ზარდიაშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ თეა წულუკიანი მხოლოდ მოპოვებული ძალაუფლების განმტკიცებისა და შენარჩუნებაზე ზრუნვითაა დაკავებული, რის გამოც მისი ყოფილი თანამებრძოლები თანამდებობის დატოვებას ურჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები