თინა ხიდაშელმა ბუნდესტაგში შეხვედრები გამართა

   საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი ევროპაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. როგორც “კვირას“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა იგეგმება. ასევე, უკრაინის კრიზისის ფონზე, საქართველოსთვის მეტი საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად და 2014 წლის სექტემბერში დაგეგმილი ნატოს სამიტის წინ, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მოსაპოვებლად დაგეგმილია დისკუსიები.
“თინათინ ხიდაშელმა შეხვედრები გერმანიის ბუნდესტაგში გამართა, სადაც საქართველოს პარლამენტის წევრი გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ყველა ფრაქციის წარმომადგენელს შეხვდა. საქართველო-გერმანიის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის გააქტიურებაზე ისაუბრეს გერმანიის მმართველი “ქრისტიან-დემოკრატიული” პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
თინათინ ხიდაშელმა გერმანელ კოლეგებს საქართველოში ჩამოსვლა და ვითარების ადგილზე ნახვა სთხოვა. გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, 7-12 აპრილს სტრასბურგში დაგეგმილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის წევრმა რუსეთის ფედერაციისთვის ხმის უფლების შეჩერების რეზოლუციაზე გაამახვილა ყურადღება”, – აცხადებენ პარლამენტში.
თინათინ ხიდაშელი სამუშაო ვიზიტით ბერლინში იმყოფება, სადაც ევრონესტის საპარლამენტო ფორმატში სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა. გარდა ამისა, პარლამენტის წევრმა შეხვედრები ევროპის პარლამენტის წევრებთან და ევროკომისიის წარმომადგებლებთანაც გამართა. ბერლინიდან თინათინ ხიდაშელი სტრასბურგში გაემგზავრება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები