ია – იას “ლოლო-ხეები“ და "სიმბოლო-მედალი" – დამბალი ხაჭოს კვერი

  ია მშვიდობაძე,- კიდევ ერთი შემოქმედებითი ნატურის ადამიანი ,,პერსონას“ გალერეაში, ვისთან ურთიერთობაც მზითა და აზრით გავსებს და  მერამდენედ გარწმუნებს, რომ ცხოვრება მხოლოდ განცდილითა და ნაგრძნობით ფასობს და სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანი და წარმავალია…

 

– ქალბატონო ია, ამბობენ, ძალიან რთულია, ჩვენ დროში ყოფის რუტინამ არ ჩაგითრიოს, მისგან თავდასაღწევად ყველას თავისი გზა და საშუალება აქვს, თქვენ რას მიიჩნევთ?..

1899226_698714233493075_63590943_n

– ჩემთვის ეს არა მარტო პოეზიაა, ესაა კარგი წიგნი, გამოფენა, ფილმი, მუსიკა, ან სრულიად უბრალოდ, თბილისის ძველ უბნებში გასეირნება… წერა ბავშვობიდან მიყვარდა. ვწერდი ჩემთვის, ჩუმად, სერიოზულად ჩემი ნაწერები არასდროს აღმიქვია. ამ რამდენიმე წლის წინ, რაღაც დეპრესიისმაგვარი მეწვია, რაც იშვიათობაა ჩემს ცხოვრებაში, ზოგადად, ხალისიანი და სიცოცხლისმოყვარული ადამიანი ვარ. მეგობარმა მირჩია, ლიტერატურულ პორტალ „ურაკპარაკზე“ დარეგისტრირება და ნაწერების განთავსება, გაერთობი და ეგ ცუდი განწყობაც გაქრებაო. ნიკად „ია-ია“ შევირჩიე, რათა მაინც უცნობად დავრჩენილიყავი.. აქვე ვიტყვი, რომ მადლიერი ვარ დედის, ეს სახელი რომ დამარქვა, მიმაჩნია, რომ ადამიანის ბუნებას, გარკვეულწილად, მისი სახელიც განაპირობებს. ია ყველა ვარდს და ორქიდეას მირჩევნია… მინდვრის ყვავილია, პატარა, ჩუმი და უპრეტენზიო, მაგრამ დიდი უნარი აქვს, გარშემომყოფთ სიამოვნება მიანიჭოს… რატომ ია-ია? არ ვიცი, ალბათ პატარა თაიგული რომ შემეკრა… ჰოდა, მერე წერა დავიწყე… მალე ჩვენი ვირტუალური პოეტურ-მწერლური ურთიერთობანი სავსებით რეალური გახდა და ბევრი მეგობარიც შევიძინე…. მახსოვს, მათი პირველი სტუმრობა ჩემთან, ოჯახში. ჩემი ლიტერატურით გატაცება მეუღლისთვისაც სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. პირველად, როცა ჩემი ლექს-ჩანახატები ამოვბეჭდე, მანქანაში დავუტოვე, როცა გადავალ, მერე წაიკითხე – მეთქი, 3 საათის მერე სამსახურში მომაკითხა: ნუთუ, ეს შენ დაწერე? როგორ მიყვარხარო!… მერე სისტემატურად მკითხულობდა და შექებით გარკვეულ სტიმულს მაძლევდა, რომ ისევ მეწერა. დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ჩემთვის ერთი საღამო გაემართა, სადაც ყველა ჩემს ახლად შეძენილ ლიტერატორ-მეგობრებს მოიწვევდა, მაგრამ არ დასცალდა… მძიმე სენმა უდროოდ დაგვაცილა…

მინდა, ბავშვობის წლები გაიხსენოთ, ის გარემო, სადაც იზრდებოდით, ცალკეული ამბები და ბებია განსაკუთრებულად, რომელმაც, როგორც ვიცი, სულიერ სამყაროს გაზიარათ..

– ბავშვობა თბილისის ულამაზეს უბანში, ვერაზე გავატარე. მშობლები თავიდანვე მაჩვევდნენ სილამაზის აღქმას. საოცრად ხალისიან-შინარსიანი სკოლის ხანა მქონდა. მოსწავლეთა სასახლეში საკმაოდ აქტიურ ცხოვრება-მოღვაწეობას ვეწეოდი. ქალაქის ყველა წამყვან ღონისძიებას, კონკურსსა და ფესტივალში ვმონაწილეობდი. საოცრად მიყვარდა წიგნი. მახსოვს, ღამე კითხვას მიკრძალავდნენ, მე ჯიბის ფანარს ვმალავდი ლოგინში და მერე ჩუმად, საბნის ქვეშ ვკითხულობდი. სკოლის დროს, მამის სამსახურებრივი მივლინების გამო, 2 წელი საზღვარგარეთ ვცხოვრობდით. საკმაოდ გამიჭირდა საქართველოსთან, ნათესავ-მეგობრებთან განშორება. მახსოვს, ბულგარეთიდან დაბრუნებულს ექსტერნად ჩამაბარებინეს გამოცდები და 2 კლასით ზევით მოისურვეს ჩემი დასმა, ვიტირე და მაინც ჩემს კლასს დავუბრუნდი. საერთოდ, ძალიან ვიცი, ადამიანებთან, გარემოსა და ნივთებთან შეჩვევა, მერე მათთან განშორება მიჭირს.

– ალბათ ასევეა ბავშვობისდროინდელი მოგონებებიც. მათაც ძნელად ელევით. ახლა ზამთარია და ასოციაციით, რაიმე ხომ არ გახსენდებათ?1616216_698714400159725_1742362447_n

ზამთარში ხეებზე დაკიდებული ყინულის ლოლუები თუ შეგიმჩნევიათ? მათ ლოლოხეებს ვეძახდი, ვგიჟდები, დღემდე ისე მიყვარს!…რამდენი წელია, არ მინახავს. ეს ორი დღეა ვხედავ და მიხარია! გაყინულ ჩურჩხელებს ვეძახდი, დედის ჩუმად ვტეხავდი და ვაკნატუნებდი. თუ ბევრი იყო ერთად ასხმული,-შაქარყინული მეგონა… ბავშვობიდან ჩემი “საწუხარი” უსოფლობა იყო. თუმცა წარმოშობით გურული ვარ, ჩემი წინა 5 თაობა თბილისში  ცხოვრობდა და ამიტომ სოფელი არ გვქონდა. კეთილი შურით მშურდა იმ ბავშვების, რომლებიც დათხოვნისთანავე სოფლებს მიაშურებდნენ. თუმცა გამიმართლა, მალევე, 17 წლის ასაკში, დავვოჯახდი, მეუღლე თბილისელი რაჭველი იყო და ჩემი და მთის სიყვარულიც აქედან დაიწყო… ულამაზესი სოფელი გვქონდა ცხმორში და სახლი ონში. სიხარულით მახსენდება ის დღეები, რომლებსაც რაჭაში ვატარებდი. როგორც კი დაგვითხოვდნენ, 4 თვე რაჭაში გამოწერილი მქონდა ცხოვრება. რაჭველები საოცრად თბილი ხალხია და, ამდენად, არც გამჭირვებია მათთან შეგუება. ახლა, როცა მეკითხებიან, სადაური ხარო? გარაჭველებული გურული ვარ-მეთქი,- ასე ვპასუხობ, იმდენად ჩემია ეს კუთხე…

– ქალბატონო ია, რამდენადაც ვიცი, პირველი შეფასება თამარ ერისთავს ეკუთვნოდა, გაიხსენეთ ეს პიროვნება და მასთან თქვენი პირველი შეხვედრა ..

– ბავშვობიდან მიტაცებდა თარგმნა. სკოლის ასაკში ლერმონტოვის ერთი-ორი ლექსი ვთარგმნე და ბებიაჩემმა ისინი თამარ ერისთავს მიურბენინა, მისი მეზობელი იყო, ლერმონტოვს თავად თარგმნიდა. მახსოვს, ქალბატონი თამარი მაშინ აღფრთოვანებული დარჩა და ასე თქვა: კარგს იზამთ, თუ ამ ბავშვს თარგმანს გააყოლებთო. თამარს თავისი ოჯახი არ ჰყავდა, ბებიაჩემის მეზობლად ცხოვრობდა,  მამიდასთან, მზია ერისთავთან ერთად. ხშირად ვსტუმრობდი, საოცრად თბილი და მომხიბვლელი, საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანები იყვნენ. სხვათა შორის, ქალბატონ მზიას ტურიზმის წრე ჰქონდა, ალპინიადებს აწყობდა და ბავშვობაში მის ერთ-ერთ ტურში მონაწილეობის მიღების ბედნიერება მეც მქონდა… კარვებში ვცხოვრობდით, ლაშქრობებს ვაწყობდით, კლდეზე ვცოცავდით…  მოკლედ, საოცრად ლაღი ბავშვობა მქონდა… ალპინიადიდან ჩამოსულმა მზიას პორტრეტი დავხატე ნახშირით. ჩემმა ნახატმა ერისთავებში დიდი მოწონება დაიმსახურა, ასე მიმსგავსებულად ჯერ არავის დავუხატივარო, ამბობდა…

 მიუხედავად “ჰუმანიტარული მიდრეკილებებისა“,  ტექნიკური განათლება მიიღეთ  და  თქვენს სადისერტაციო თემას რთულად წარმოსათქმელი სახელი აქვს…

– სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. შეიძლება ითქვას, ყველა საგანი ერთნაირად მიყვარდა, მაგრამ მაინც ტექნიკურმა სფერომ გადამძალა და ქალისთვის ცოტა შეუფერებელ, მშენებელ-ინჟინრის სპეციალობას დავეუფლე. დავიცავი დისერტაცია და “გრუნტების მექანიკისა და ფუძე საძირკვლების” მიმართულების ასოცირებული პროფესორი ვარ. ინსტიტუტის დამთავრების მერე, იქვე, კათედრაზე დავრჩი და დღემდე, უკვე 30 წელია, იქ ვმუშაობ, თუმცა ბევრჯერ კარგი შემოთავაზებაც მქონია… ეს არჩევანი გარკვეულწილად ხაზვა-ხატვის სიყვარულმაც განაპირობა და ვფიქრობ, რომ ეს საგნებიც ხელოვნებას ემსახურება. დედაჩემის ბიძა და ბიცოლა საქართველოს დამსახურებული მხატვრები – მიშა ხვიტია და ცაგო ნებიერიძე იყვნენ, ჩემს გადაწყვეტილებაში მათაც მიუძღვით გარკვეული წვლილი. სტუდენტობის წლებში დიდი აქტიურობით არ გამოვირჩეოდი. პირველ კურსზევე დავვოჯახდი და პატარა შვილის დედას საზოგადო ცხოვრებისათვის დრო აღარ მრჩებოდა.

რუსული ლიტერატურისადმი თქვენი სიყვარულიც ბავშვობიდან  მოდის

საერთოდ, უცხო ენები მიყვარს, თან ჩვენს ბავშვობაში რუსული სავალდებულოც იყო. ფანტასტიკური მასწავლებელი მყავდა: ქეთევან მამინეიშვილი, ნამდვილი არისტოკრატი მკაცრი და მომთხოვნიც იყო. რუსული კულტურისადმი ჩემი სიყვარული მისი დამსახურებაცაა, თუმცა, ჩვენს ოჯახში რუსულად ყველა კარგად საუბრობდა. რუსი ავტორებიც მითარგმნია, მაგრამ მიმაჩნია, რომ გაცილებით რთულია ქართველი ავტორის თარგმნა, ისე, რომ  მისი მუსიკა და სული შეინარჩუნო. ვფიქრობ, უფრო საინტერესო იქნება ჩვენი პოეტების რამდენიმე ჩემეული რუსული თარგმანი შემოგთავაზოთ. რამდენიმე წელია, რაც ჩვენი, თანამედროვე ქართველი პოეტების რუსულად თარგმნის სურვილი გამიჩნდა, რათა რუსულ სივრცეშიც გაჟღერებულიყო ახალი, ქართული სულის მატარებელი ლექსი… უკვე ვთარგმნე მიხეილ ღანიშაშვილი, რობერტ მესხი, ნანა ქელეხიძე, ნინო ქოქოსაძე, ნიკა ჩერქეზიშვილი, აბუთიძე… ვფიქრობ, უფრო საინტერესო იქნება ჩვენი პოეტების რამდენიმე ჩემეული რუსული თარგმანი შემოგთავაზოთ.. თუ რამდენად კარგად გამომივიდა, მკითხველმა შეაფასოს… ახლა ილტოსპირელის, მიხეილ ღანიშაშვილის ერთ ჩემეულ თარგმანს გაგაცნობთ:

-Так ушла…

Так ушла, я не успел “люблю” сказать,

 

Не говоря уже о поцелуе…

Куда ведут неведомые тропы,

хотя бы знать, Привык к тебе я – вот мучение…

Чтобы совсем не отняли тебя те новые дороги

– Мысленно немею…

Где ж клад найти такой?

Биться об скалу?

О, Боги, Понятия не имею…

По крошкам, по горстям тебя собрать в себе я смог Утренней росою…

Не уж то превратится твоего сердца порог Кончиною моею?..

Но нет, мне даже мёртвому не хочется Взирать с небес Тебя с чужим,

в мечтах моих званную моей- Чудом из чудес…

-ისე წახვედი…

-,,ისე წახვედი, ვერ მოვასწარ, მეთქვა: მიყვარხარ, კოცნას ვინ ჩივის…

ვიცოდე მაინც, იდუმალ გზებს საით მიყავხარ, მტანჯავს მიჩვევა…

სულ არ წამართვან თავი შენი გზებმა ახალმა – ფიქრი მამუნჯებს…

სადღა ვიპოვო, რაღა კლდეებს უნდა ვეხალო, მსგავსი საუნჯე?..

სულ ნამცენც-ნამცენც, სულ პეშვ და პეშვ გაგროვე დღემდე დილის ცვარებად…

ნუთუ მექცევა შენი გულის კართა გაღება გარდაცვალებად?..

ო გარდაცვლილსაც არ მსურს მზერა გამონატარი საიქიოდან…

გხედავდეს სხვასთან შენ, რომელსაც ასე ნანატრი ჩემი გქვიოდა…

-რამდენადაც ვიცი, დღეს ფაქტობივად არცერთ პოეტურ შეკრებას არ აკლდებით, იქნება ის  ქალაქსა თუ ქალაქგარეთ, რას გაძლევთ ეს შეხვედრა შეკრებები?

-ეს არის ჩემი სულიერი საზრდო! შეიძლება ითქვას, დღესდღეისობით ამ შეკრებებითა და შეხვედრებით ვარსებობ. ვეცნობი აუარება საინტერესო ადამიანს, მათ შემოქმედებას… აქვე, არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო ჩემს საუკეთესო მეგობარს, მიხეილ ღანიშაშვილს, რომელიც ამ ლიტერატურული სემინარების თავკაცია და უნაგაროდ, ზღვა ენერგიის საფასურად გვჩუქნის ამ განუმეორებელ საღამოებს.

ვატყობ, მთა, ბავშვობიდან მოყოლებული, დღემდე გიყვართ.

– მთა რომ ძალიან მიყვარს, ალბათ ჩემი ნაწერებიდანაც კარგად ჩანს. ჩემი პირველი ურთიერთობა მთასთან ბავშვობაში მზია ერისთავის მიერ მოწყობილი ალპინიადიდან დაიწყო, ის შთაბეჭდილებები დღემდე მახსოვს. შემოვლილი მაქვს რაჭის ულამაზესი კურორტები, ალპური ზონები… წლების მერე კი ეს სიყვარული უფრო გამიძლიერდა და შვიდი  თვის ორსულმა ჩანჩქერზე ვიფორთხიალე. ახლა რომ მახსენდება, ფიქრიც მზარავს იმ სიმაღლეზე ავძვერი! თქვენ წარმოიდგინეთ, სანადიროდაც კი ვყოფილვარ რაჭის მთებში, მართალია, მოსაკლავად ვერაფერი გავიმეტე, მაგრამ ნიშანში კი კარგად ვისროლე და დავაჭექე თოფი… ძალიან მიყვარს მთის ცეკვა-სიმღერები. ყაზბეგში მოგზაურობამ და გერგეთის სიდიადემ ჩემზე განუმეორებელი შთაბეჭდილება დატოვა… ამასწინანდელი საღამოდან, ერთმა კარგმა ფშაველმა, სახლში  ფშაური მიწის მადლის რა გითხრათ, უფრო მგონი,  “სიმბოლო-მედალი” – დამბალი ხაჭოს კვერი გამომაყოლა! მოვიმზადე ერთი პატარა ტაფა ხაჭო-ერბო და ყელი ჩავიკოკლოზინეეე… ვერავის ვუზიარე! ცუდად კი მოვიქეცი, მაგრამ თავს ვინუგეშ-ვიმაგრებდი: არ მეკუთვნოდა თუ რაა – მეთქი? …

გაიხსენეთ ძვირფასი ადამიანები, რომლებმაც თავი დაგამახსოვრეს..

1899100_698714323493066_147167872_n

 

– არ შემიძლია არ გავიხსენო ჩემი დიდი მეგობარი, გიორგი ახვლედიანი – გიორგი ბაბუა, როგორც მას მივმართავდი, ის კი ამბობდა, რომ ჩვენ მეგობრები ვართო. გიორგი ბაბუა პეროვსკაიაზე, სართულით ზემოთ ცხოვრობდა. მას ხშირად ვსტუმრობდი. ჩემი წიგნებით გატაცება რომ გაიგო, მეტად შევუყვარდი. უდიდესი ბიბლიოთეკა  ჰქონდა. ახლაც მახსოვს  მისი კაბინეტის სუნი. ჭერამდე აზიდული წიგნის „სტელაჟები“ და შუშის „ვიტრინკა“, რომელშიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან, გამოჩენილი ადამიანების მიერ მიძღვნილი პატარა სუვენირები ჰქონდა გამოფენილი. ყოველი სტუმრობისას ვთხოვდი,  რაიმე ნამდვილი ისტორია მოეყოლა. ისიც დაუღალავად მიყვებოდა. მახსოვს,  კალთაში ჩავუჯდებოდი ხოლმე და ღაბაბზე ვეთამაშებოდი. დედა მეუბნებოდა, უხერხულია, ნუ აწუხებ ბაბუასო, გიორგი კი კეთილად მიღიმოდა და, როგორც უნდა, ისე მოიქცეს ჩემი ჭკვიანი იაო… ბულგარეთში ცხოვრებისას ქართულ წიგნებს მიგზავნიდა, რომლებზეც მუდმივად აკეთებდა ასეთ წარწერას: „ჩემს ჭკვიან იას!, იკითხე, ქართული რომ არ დაგავიწყდეს!“ დედას ქალბატონ ნანის ეძახდა, „ბელეტაჟზე“ ვცხოვრობდით, ხელჯოხით დადიოდა, ასწევდა ჯოხს, ფანჯარაზე მოაკაკუნებდა და – „ქალბატონო ნანი, კიროვის პარკში მივდივარ სასეირნოდ, ჩემი მეგობარი ხომ არ გამომყვებაო?“- იკითხავდა. მეც ყოველთვის სიამოვნებით მივყვებოდი. ჯიბეები სულ კარამელებით ჰქონდა სავსე. ვსეირნობდით, კამფეტებს მივირთმევდით და წაკითხული წიგნების შესახებ ვსაუბრობდით, თავისი ბიბლიოთეკიდან რომ მატანდა. გიორგი ბაბუას გარდაცვალების მერე, მისმა ვაჟმა მითხრა, მამამ ბიბლიოთეკის რაღაც გარკვეული ნაწილი შენ დაგიტოვაო, მაგრამ რატომღაც ჩემამდე ვერც ერთმა წიგნმა ვერ მოაღწია… ბიბლიოთეკა მთლიანად რომელიღაც სოფლის სკოლას გადაეცა… ღმერთმა ნათელში ამყოფოს! დიდი ადამიანი იყო…

სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადეთ. ეს ხასიათზე მოქმედებს? რას იტყვით საკუთარ თავზე? და თუ ემთხვევა ეს მოსაზრება სხვების აზრს თქვენზე?

– ოი, ეს სასწორი ძალიან მტანჯავს… განსაკუთრებით რაღაც გადაწყვეტილების მიღებისას, თავსაც ვიღლი და გვერდით მდგომსაც… საერთო ჯამში,  არა მგონია, რთული ადამიანი ვიყო. მეუბნებიან: შენთან კომფორტულად ვგრძნობ თავსო, ჩემი სახლიც ყოველთვის იყო და არის მეგობრების მუდმივი თავშეყრის ადგილი.

– ქალბატონო ია, ლექსებს წერთ, მაგრამ წიგნს არ გამოსცემთ…

– ლექსებს, ძირითადად, საკუთარი სიამოვნებისათვის ვწერ. მიყვარს სოციალურ ქსელებში  მათი დადება და მეგობრებისთვის გაზიარება, მაინტერესებს მათი აზრი. ბოლო ლექსს გაგიზიარებთ:

,,იქნებ დედამიწაზე არის თოლია,

რომელიც ჩვეულებრიობის კლანჭებიდან ცდილობს დასხლტომას,

ცდილობს გაიგოს, რა აზრი აქვს ფრენას იმის გარდა,

რომ გემებს სდიოს საკვების მოსაპოვებლად.

იქნებ გაბედა კიდევაც ფიქრის ხმამაღლა გამოთქმა

და გააძევეს გუნდიდან“…

-“თუ არ დაამტკიცე, შენს ლაპარაკს ფასი არა აქვს! იფრინე!”

“თოლია ჯონათან ლივინგსტონი” – რიჩარდ ბახი-

 

,,დაწერე ახლა!.. თორემ უკვე მატულობს სიცხე…

ადუღდა ლავა და შეავსო სულის

ფორები…

დაწერე ახლა

– „ნუ მომიწყენ!“- სიტყვამ

მესიჯად,

შენს წინ თვალებში გაპოვნინა

ორი მორევი-

მზის და სინათლის…

და რომ საერთოდ,

შენს წინ იჯდა შენი თოლია…

რომ გამოეყო გუნდს, მოყვარულს

მხოლოდ საკვების…

დაწერე მერე, რომ შეგმოსა-

სული შიშველი,

გაჩუქა ფრთები, და იკითხა – მიწას რად ვები?!…

თქვა, რომ საგზლადაც არ

გვჭირდება პური, სიმდიდრე…

და შევსვით მხოლოდ

სიმბოლურად,

ყლუპი ზედაშე…

ჩვენ ეხლა ვტოვებთ „აქ“ და „ახლას“ დაუნანებლად!…

და ვსწავლობთ ფრენას,

კლდე-ღრის გავლით,

ერთად, ზე-ცაში!…

რა გიქმნით კარგ განწყობას აქდაახლა“?1655064_698714276826404_163378591_n

– ნებისმიერი დადებითი რამ,- თუნდაც მზიანი ამინდის გათენდება, გავიხედავ, მზეა და უკვე მიხარია…

ფრაზა, რომლის განმეორებაც გიყვართ?

 -ახლა ვიცი, ამისთვის ჩემი ბავშვები დამცინებენ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, ისე ხშირად წარმოვთქვამ: „ურაააა“! საერთოდ, პატარა რამ მიხარია და ეტყობა, ეს ჩემი სიხარულის გამოხატულებაა, რაზედაც ოჯახის წევრები ძალიან ხალისობენ… დღესდღეობით, შეიძლება ითქვას, მე მდიდარი ვარ ახლად შეძენილი, მაგრამ გამოცდილი და ერთგული მეგობრებით, რომლებიც კულტურის სფეროში მოღვაწეობენ. წერენ, ხატავენ,იღწვიან, მოგზაურობენ და მეც მათი მცირე ნაწილი ვარ… გატაცებული ვარ ფოტოგრაფიით და ვცდილობ, ყველა ის ღირშესანიშნავი წამი, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ფირზე აღვბეჭდო, ხსოვნას შემოვუნახო ცხოვრებისა და სიყვარულის ისტორია ფირზე… მყავს ერთი ვაჟი, რომელიც 33 წლის ხდება და ჩემი ყველაზე სანუკვარი ოცნება მისი დაოჯახება და ბებიობაა…

                                                     თეონა გოგნიაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები