ფონდი „ივერია“ პატრიარქს ანგარიშს წარუდგენს

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდი “ივერია” და მისი ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება. როგორც „კვირას“ ფონდიდან აცნობეს, ტაძრის ნახევარი უკვე აშენებულია და შეხვედრას მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის არქტიტექტორთა სათათბიროს წევრები დაესწრებიან.
ტაძრის საძირკველი 2011 წელს იკურთხა, საძირკველი კი 2012 წელს გაიჭრა და ნულოვანი ციკლის მშენებლობა ამავე წლის ბოლოს დამთავრდა. 2013 წლის ივნისიდან ტაძრის მშენებლობის მეორე ეტაპი, მიწისზედა ნაწილის მშენებლობა მიმდინარეობს. ამჟამად ტაძრის ნახევარზე მეტი უკვე აშენებულია. დაარსების დღიდან ფონდმა მიზნად დაისახა, უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მთელ საქართველოს ერთიანი ძალისხმევით აეშენებინა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა უნიკალური სქემა, რომელიც, მიუხედავად შემოწირულობისა, თანაბარ პირობებში აყენებს ყოველ შემომწირველს. 2013 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ისტორიული მშენებლობის თანამონაწილეთა რიცხვი და დღეისთვის 250 000 ადამიანია, ხოლო იმ ადამიანთა რაოდენობა (ცოცხალთა თუ გარდაცვლილთა), რომელთა სახელზეც ტაძარი შენდება, მილიონს გადასცდა. მოსახლეობის გაწევრიანების პარალელურად მიმდინარეობს მათი გვარ-სახელების ატვირთვა. ფონდის ვებგვერდზე: www.makhata.ge ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს მოძებნოს საკუთარი თავი და მის მიერ გაწევრიანებულთა ვინაობა. ეს მონაცემები გადატანილი იქნება სპეციალურ წიგნში, რომელსაც ტაძრის აღმშენებელთა წიგნი ერქმევა და რომელიც ტაძარში დაიდებს ბინას.
ამავე ვებგვერდის საშუალებით ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა, პირდაპირ ეთერში უყუროს ტაძრის მშენებლობის პროცესს. ამის საშუალებას მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული კამერები იძლევა. საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს საშუალება ეძლევათ თვალყური ადევნონ, თუ როგორ მიმდინარეობს იმ ტაძრის მშენებლობა, რომლის აგებაში მათაც მიუძღვით წვლილი. 2013 წლის განმავლობაში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისა და ფინანსური ბრუნვის შესახებ მის უწმინდესობას დაწვრილებითი ინფორმაცია მიეწოდება. წლის მანძილზე ფონდის მუშაობის შესახებ, როგორც პროგრამული, ისე ფინანსური ანგარიში სისტემატურად ბარდებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებისგან შემდგარ ქტიტორთა სათათბიროს. ამასთან, წელიწადში ერთხელ აუდიტს საერთაშორისო აუდიტორული კომპანია “კაპტო ჯგუფი” ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები