საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელი კონგრესმენების წერილს ეხმაურება

  საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელი კონგრესმენების წერილს ეხმაურება და დადებითად აფასებს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისშიც ჰქონდა შეხვედრა კონგრესმენებთან და მათი მზაობა და ჩართულობა, ნატოში უფრო სწრაფ და ეფექტურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, მაშინაც გამოვლინდა. “კარგია, რომ ამაზე მუშაობა არც ერთი წამით არ ჩერდება და ჩვენი მეგობარი კონგრესმენები ამას ყოველდღიურად აკეთებენ და ასეთი ინიციატივის ფორმას აძლევენ. ვიმედოვნებ, ნელ-ნელა ეს სულისკვეთება, რაც არის უაღრესად სწორი და მომგებიანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, სულისკვეთება, რომელიც გადაწყვეტს ბევრ პრობლემას რეგიონში, გაზიარებული იქნება არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ ჩვენი სხვა მეგობარი ქვეყნების მიერაც და ეს ტენდენცია ამ წლის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდება”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონგრესმენები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის ნატოს 2014 წლის სამიტთან დაკავშირებით წერილით მიმართავენ. კონგრესმენები მოუწოდებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს ნატოს ასპირანტ ქვეყნებთან, კერძოდ, საქართველოსთან, მაკედონიასთან, მონტენეგროსა და ბოსნია ჰერცეგოვინასთან, ასევე, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც აშშ-სა და ნატოსთან ახლო ურთიერთობების დამყარება სურთ. კონგრესმენები მიესალმებიან აშშ-ის ძალისხმევას, სამიტზე პრიორიტეტად ნატოს გაფართოების პერსპექტივა აქციოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები